საქართველოს პარლამენტი დევნილების შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, დევნილის სტატუსის მქონე პირს, თუ ის სოციალურ დახმარებას მოითხოვს, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი სოციალური შეღავათები აღარ შეუწყდება. პროექტით, სტატუსი არც მუდმივი საცხოვრებლის მიღების შემდეგ შეუჩერდებათ.
მოქმედი კანონმდებლობით, პირადი განცხადებით სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღება, დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძველია.
კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც არსებული კანონმდებლობით, დევნილის სტატუსის მქონე პირს შემწეობა უწყდებოდა, ხელფასი იყო. თუ იძულებით გადაადგილებულ პირს ხელფასი 1250 ლარი აქვს, მას შემწეობას აღარ აძლევენ. კანონპროექტის მიხედვით, ხელფასის ოდენობა 1500 ლარამდე გაიზრდება.
შესაძლოა, შეიცვალოს შემწეობის რაოდენობაც და 45 ლარის ნაცვლად, დევნილმა 60 ლარი მიიღოს, ხოლო საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტატუსი და შემწეობა არ შეუწყდეთ.
კანონპროექტში აღარ არსებობს ტერმინი „დევნილთა რეგისტრაცია“, ცვლილების შესაბამისად პირი, რომელმაც შესაბამისი მიზეზის გამო, დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილის სტატუსი ავტომატურად ენიჭება და აღარ დასჭირდება დევნილს სტატუსისთვის შესაბამის უწყებას მიმართოს.