თბილისის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა - მოქალაქეები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ

12 მაისი 2018, 00:00 2620 ნახვა

12 მარტს, ღამით, თბილისში კლუბ ''ბასიანსა'' და ''კაფე გალერიში'' შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. 

სპეცოპერაცია მაშინ დაიწყო, როცა ადგილზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, ინფორმაცია, კლუბში სპეცრაზმის შესვლის შესახებ ''ბასიანის'' დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.: 

SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს.#ჩადებაარგაბედოთ!!!!!"

სპეცრაზმელებმა მოქალაქეებს შენობა იძულების წესით დაატოვებინეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე საუბრობენ. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მოქალაქეებზე ღიად ძალადობის ფაქტები. 

ON.GE  ინფორმაციით, გვიან ღამით, შსს დაკავებების ფაქტს არ ადასტურებდა, თუმცა პირდაპირი ეთერებიდან ცხადი იყო, რომ სამართალდამცავები კლუბთან შეკრებილ ახალგაზრდებს იჭერდნენ და მანქანაში სვამდნენ.

საგანგებო განცხადება გაავრცელა თეთრი ხმაურის მოძრაობამაც: "კლუბ BASSIANI-ის ტერიტორიაზე შესულია სპეცრაზმი!!! კლუბიდან გამოყარეს ყველა სტუმარი და დაკავებულია საკმაოდ ბევრი აქტივისტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე!!! პოლიცია შესულია კლუბში და მეორდება ის, რაც ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს!!! ვისაც გაქვთ პროტესტის გრძობა ამ უსამართლო მოვლენების მიმართ და გრძნობთ, რომ ღიად გამოგვიცხადეს ომი, მოდით ბასიანთან!", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

აქციამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა, სადაც ასევე იყო დაპირისპირება. აქციაზე დააკავეს პარლამენტარი, "გირჩის" პერზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. 

გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. "3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი".

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში არ წერია, რამდენი მოქალაქეა დაკავებული სპეცოპერაციის დროს. 

გუშინ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ღამის თბილისის ეკონომიკის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე. მისი განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა მოხდა და რა მიზანს ემსახურებოდა სპეცოპერაცია.

"არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას, ასეთი სიტუაცია არავისთვისაა მომგებიანი და მთლიანად ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა ვიცით, რომ ეს არის სფერო, რომლითაც ქვეყანამ გაითქვა სახელი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წამგებიანი პოზიცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ, - "ვერ ვხვდები რა ხდება, ვისთვის არის და რატომ ხდება. ეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულები რატომ ჩავაყენეთ ასეთ მდგომარეობაში და რატომ ჩავაყენეთ პოლიცია ასეთ მდგომარეობაშიც".

განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც: "ვისმენ პოლიციის მხრიდან მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს, რასაც აუცილებლად შევისწავლით. ამ ეტაპზე ვართ ფაქტების შესწავლის და გადამოწმების პროცესში,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ფოტო:http://netgazeti.ge/news/276058/

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი