''აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას'' - ნათია კაპანაძე

03 მაისი 2018, 00:00 2891 ნახვა

პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა. მესამე სექტორის წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და ელისუფლების წევრები, თითქმის 5 საათის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე,  პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და რისკებზე მსჯელობდნენ.

‘’ყველაზე მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა თავად შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა’’ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას  ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ წარმომადგენელმა. მამუკა ანდღულაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მაუწყებელი არის დამოუკიდებელი, ამის შენარჩუნება კი  მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე არხს პროგრესი ეტყობა.   

‘’წლების განმავლობაში ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიას, საინფორმაციო გამოშვებებს, გადაცემებს. შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ პერიოდის განმავლობაში პროგრესი არ შეჩერებულა. რაც ყველაზე მთავარია, ჟურნალისტებმა გაიაზრეს თუ რა როლი აკისრია საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეთა ცხოვრებაში. ნელ-ნელა, ისინი ე.წ. მოდარაჯე ძაღლის პოზიციაში გადადიან. ისინი ცდილობენ იყვნენ კრიტიკულები’’.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მედიის დამოუკიდებლობის კუთხით რისკები კვლავ არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ  საქართველოს პრობლემა არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის განმარტებით, არხს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა არ აქვს, ამას  მონიტორინგის შედეგებიც აჩვენებს. ნათია კაპანაძის თქმით, ერთადერთი პრობლემა რომელიც დღეს არსებობს ეს შენობის საკითხია.

‘’იმედი მაქვს, რომ პრესის თავისუფლების დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, მომავალშიც ვისაუბრებთ. ეს ტრადიცია გაგრძელდება.  არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, რომ  გუნდი პროფესიონალურად განვითარდეს.  გამოწვევად რჩება შენობა, რომელიც მაუწყებელს არ აქვს. დისკუსიაში მონაწილე ყველა პირი,  ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოება თანხმდება, რომ ეს საკითხი ერთობლივი გადაწყვეტილების საგანია’’ - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

აჭარის მაუწყებლის შენობის საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, ისინი პროცესებში კანონის ფარგლებში ჩაერთვებიან.

‘’შენობის საკითხზე დღეს სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ. აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტოს ბორდმა და შესაბამისად დაფინანსება ცენტრალიზებული წესით უნდა მოხდეს. პროცესებს ვაკვირდებით, რადგან ეს ეხება ჩვენს რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს და მათი უსაფრთხოება არის უმთავრესი. მთავრობა კანონის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს ზომებს. ვიზრუნებთ, რომ ტელევიზიის მესვეურებთან ერთად სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ''.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრმა, ირინა ფუტკარაძემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. განაცხადა, რომ ეს დადგმული შოუ იყო და ამაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან კონფერენციაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს გამოსვლა შეაწყვეტინა. სულხან სალაძეს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაზე კვლევა ჰქონდა მომზადებული. ბორდის ყოფილი წევრი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაუწყებელს პრობლემები აქვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი