ლაშა კომახიძე: ''მერიოტის'' ტერიტორიაზე არა სასტუმროს, არამედ, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა მიმდინარეობს

20 მარტი 2018, 00:00 3611 ნახვა

ბათუმის ბულვართან, დელფინარიუმის წინ, სადაც ''მერიოტი'' უნდა ა​ი​გოს სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა 54 სართულიანი მშენებლობის ნებართვა მერიას ამ დრომდე არ გაუცია. 

თვეების წინ შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც მანამდე, ბათუმის მერიის წარმომადგენლების მტკიცებით, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა, ახლა უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობს.  სამუშაოებს კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“  ღამის საათებშიც აწარმოებს.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს 54 სართულიანი სახლის მშენებლობა.

კომახიძე ამბობს, რომ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის აშენებენ, რომელზეც ნებართვა ცალკეა გაცემული.

"პირველ ეტაპზე, როცა "მერიოტის" ირგვლივ დაიწყო ხმაური, არაერთხელ გავუშვით ზედამხედველობის სამსახური ადგილის შესამოწმებლად,  იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იქ მშენებლობა მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევები ტარდებოდა.  რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს, კომპანიამ მოითხოვა მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის ნებართვა, ეს ცალკე მდგომი ობიექტია და ცალკე უნდა ჩაბარდეს, ეს ნებართვა გაიცა და ამ წუთებში კანონის დაცვით მიმდინარეობს სამუშაოები" - განაცხადა ქალაქ ბათუმის მერი.

რაც შეეხება თავად '' მერიოტს'' , რომელიც 54 სართულიანი უნდა იყოს, ლაშა კომახიძის განმარტებით, სამშენებლო პროექტი ამ ეტაპზე მერიაში არ შესულა, შესაბამისად არც ნებართვაა გაცემული.

"წინასწარ ვერაფერს ვიტყვი  პროექტზე, ჯერ არ შემოსულა მერიაში განსახილველად. მშენებარე კომპანიას ამისთვის 5 თვიანი ვადა აქვს" - განაცხადა მერმა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნებართვა არაა გაცემული,  ადგილობრივ ბაზარზე აპარტამენტების შეძენა უკვე შესაძლებელია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით 10 მდე აპარტამენტი უკვე გაყიდულია.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“მშენებლობას უკანონოდ აწარმოებდა, რაზეც რეაგირება ხელისუფლებას არ ჰქონდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში