საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. ,,სპუტნიკ ოსეთიას" ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალ დივერსიებს გეგმავდა.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ტატუნაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მისი განიარაღებისთვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს.
დაპირისპირებისას დაკავებულმა ტრავმები მიიღო. მალე მან თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში გადაყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. სააგენტოს ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება.