"მეზობლები ჩიოდნენ, რომ მაღალსართულიანი კორპუსებიდან ისროდნენ ნაგავს" - ბათუმში 2 თვეში 1320 ლარის ჯარიმა დაიწერა

22 თებერვალი 2018, 00:00 4741 ნახვა

ბათუმის ქუჩების დანაგვიანებისთვის, ბოლო ორ თვეში, შპს "სანდასუფთავებამ" 1320 ლარის ჯარიმა გამოწერა.  აქედან ყველაზე დიდი საჯარიმო სანქცია, 1000 ლარი, სუპერმარკეტ "იალჩინს" დაეკისრა. 

როგორც შპს "სანდასუფთავებაში" გვითხრეს, ძირითადად, სუპერმარკეტებისა და მაღაზიების წარმომადგენლები ჯარიმდებიან. ისინი ქალაქში დიდი ზომის მუყაოს ყუთებს სანაგვე ურნებში ან მის გვერდით ათავსებენ, რაც აბინძურებს ქუჩებს და არღვევს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განკარგვის შესახებ საკრებულოს დადგენილებას. 

"ხშირი შემთხვევაა, როცა მაღაზიები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, დიდი ზომის ყუთებს აგდებენ ურნაში. ამას მასობრივი სახე აქვს და ჩვენი ინსპექტორები აფრთხილებენ სისტემატურად. ვაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა მოხდეს ყუთების განთავსება ურნებში, საკრებულოს დადგენილებით, ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია დააქუცმაცოს დიდი ზომის მუყაოს ყუთები და ისე ჩაყაროს ურნაში, თუმცა არ ითვალისწინებენ ამას. მთლიან ყუთებს ყრიან და მოქალაქეები ვეღარ სარგებლობენ ურნებით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ნაგავი არ არის გატანილი და ა.შ.  ჩვენ გვყავს სამი ზედამხედველობის ინსპექტორი, რომელებიც მაქსიმალურად ცდილობენ არ დააჯარიმოს ობიექტები ან ფიზიკური პირები, თუმცა როცა სამჯერ ან ოთხჯერ გააფრთხილებ და მაინც ანაგვიანებს ქალაქს, ბუნებრივია შემდეგ ვწერთ ჯარიმას" - გვითხრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი პაპუნაიშვილმა.  

2017 წელს, შპს სანდასუფთავების ინსპექტორებმა 2110 ლარის საჯარიმო ქვითარი გამოწერა, აქედან ყველაზე მსხვილი სანქცია  თევზისა და ცენტრალურ ბაზრობებზე მოდის. 

სანდასუფთავების ზედამხედველობის წარმომადგენელის ინფორმაციით თევზის  ბაზრობას 500 ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ გამოუწერეს, რაც თევზის ნარჩენები ურნების მიღმა აღმოაჩინეს. "თევზის ბაზარში დადგმულია სპეციალური კონტეინერი, რომელშიც უნდა მოათავსონ თევზის ნარჩენები, თუმცა როგორც წესი ამ კონტეინერს არ იყენებენ იქ მომუშავე პირები. ნარჩენები იყრებოდა ურნების მიმდებარედ ან ჩვეულებრივ კონტეინერში, ეს კი სერიოზულად აბინძურებდა გარემოს, ამასთან მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგება ტერიტორიაზე. ჩვენ ბუნებრივია გამყიდველებს ვერ დავაჯარიმებთ და ბაზრის ადმინისტრაციას დავუწერეთ ოქმი. ანალოგიურად დაჯარიმდა ბონის ბაზრობაც, ხშირად ხდება იქაც ტერიტორიის დანაგვიანება". 

ჯარიმები იწერება სამშენებლო კომპანიებზეც, რომლებიც სამშენებლო ნარჩენების გატანის წესს არღვევენ. ხშირად მანქანებიდან ქალაქის ტერიტორიაზე იყრება ნარჩენები, სამშენებლო ობიექტებიდან კი  გამოდიან დაბინძურებული საბურავებით. 

სამშენებლო ნარჩენებს ურნებში მოქალაქეებიც ყრიან, სარემონტო სამუშაოების შემდეგ ისინი სპეც მანქანას არ იყენებენ, რაც ასევე არაკანონიერია. 

რაც შეეხება მოქალაქეებს, რესურსი მწირია, თუმცა ხდება მათი დაჯარიმებაც, თუ ქალაქის ტერიტორიაზე 2 კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაყარეს. სანდასუფთავების სამსახურში რამდენიმე ფაქტს იხსენებენ, როცა მძღოლი დაჯარიმდა მანქანიდან გადმოგდებული ქილის გამო. 

"საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაა, როცა მოქალაქეს აჯარიმებ. ბუნებრივია ხან მონაცემებს არ გეუბნებიან, გვსაყვედურობენ და ა.შ. ბევრჯერ ყოფილა შემოსული ზარი ცხელ ხაზზე, სადაც მეზობლები ჩიოდნენ, რომ კორპუსების მაღალი სართულის ფანჯრიდან ისროდნენ ცელოფნებს, თუმცა ჩვენ თუ ფაქტს არ შევესწარით ვერ დავუწერთ ჯარიმას, პოლიცია არ ვართ მოწმეები დავკითხოთ ან გამოძიება ვაწარმოოთ" - აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

თუ თქვენს ირგვლივ იყრება საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნაგავი და თვლით, რომ ეს კანონდარღვევაა დარეკეთ ​ცხელ ხაზზე: ​ 577 495959 ცხელი ხაზი 577 112156  ზედამხედველობის ინსპექცია

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი