განადგურებული ქვევრი და პასუხისმგებლობა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ბათუმის მერიას, ბათუმის მერია კომპანიას, კომპანიის წარმომადგენელი კი ჯერ-ჯერობით მუშას აკისრებს.
სავარაუდოდ შუა საუკუნეების ექსპონატი, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულებმა ჯერ ხელით, შემდეგ კი ქვით და ტრაქტორის დახმარებით დაამტვრიეს – მოქალაქეებმა კონსტიტუციური პასუხისმგებლობა დაივიწყეს, მშენებელმა კომპანიამ მერიის წინაშე აღებული ვალდებულება, მერიამ კი ისტორიული ღირებულების დაცვის მიზნით, როგორც ამას არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამბობს, სათანადო ღონისძიება არ გაატარა და მიწისქვეშა სამუშაოების დაწყებამდე არქეოლოგები საქმის კურსში არ ჩააყენა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი საკითხის შესწავლას ელოდება, რის შემდეგაც განსაზღვრავს რა სანქციას დააკისრებს კომპანიას “პფაიფერი და გზა,” ანუ კომპანიას, რომლის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბაღათურია 4 წლის წინ თავად იყო მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და ვანდალური ფაქტის შესასწავლად ბათუმში სპეციალისტები გამოგზავნა.