''ერმაკოვიდან-ერმაკოვამდე'' - ჯერ კიდევ მოქმედ მერს გამოფენას უძღვნიან

20 ოქტომბერი 2017, 00:00 4559 ნახვა

„ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ ვპირდებოდით საჯაროდ გამოვფენდით ყველაფერს, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთეს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამის დროც დადგა“ - აცხადებს შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ წევრია. 

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები დღეს ფოტოგამოფენის სანახავად დამთვალიერებლებს ევროპის მოედანზე, 13 საათზე ელოდებიან. სურვილი აქვთ საზოგადოებას აჩვენონ რა იყო ადრე და რა ხდება დღეს ქალაქში. განსხვავებების პოვნას და შედარებას თავად მოქალაქეებს ანდობენ.

„გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა გამოფენა დიმიტრი ერმაკოვიდან, გიორგი ერმაკოვამდე როგორც ორი მონუმენტური ფიგურა ბათუმის ისტორიაში. სამწუხაროდ ორივე მათგანმა საკუთარი ნიჭი ძალიან განსხვავებულად დაგვანახეს“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ევროპის მოედანზე მისულები დღეს ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის უნიკალურ ფოტომასალასაც ნახავენ. „იქნება ფოტოები, რომელიც ასახავს ბევრ დანგრეულს, ბევრ აშენებულს. მხოლოდ ევროპის მოედანზე შეგვიძლია მიმოვიხედოთ და ამ საშინელებებს იქვე მარტივად დავინახავთ, ეს ყველაფერი იმდენად მასშტაბურია, იმდენად ბევრია დანგრეული, რომ არანაირი ფართობი და სივრცე ამ სიმახინჯის გადმოსაცემად არ მეყოფა“ - ყვება შოთა გუჯაბიძე.

ორგანიზაცია „ბათომის წევრებმა“ გუშინ მთავრობის თავმჯდომარესა და ქალაქის მერს ღია წერილითაც მიმართეს, ძველ ბათუმში, ისტორიულ უბანში მშენებლობებზე გაცემული არაარგუმენტირებული ნებართვები, სერიოზული კორუფციის ეჭვს ბადებს - წერდნენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები. კითხვაზე ხომ არ არის დღევანდელი გამოფენა ამ მიმართვის გაგრძელება? გუჯაბიძე ამბობს, რომ „ეს ერთი მაფიაა, ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. მერია, ხელისუფლება, საბჭო, სასამართლო - ეს ყველაფერი ერთმანეთშია არეული და ისეა გადახლართული გველებივით, რომ ვერ იპოვი სად არის კუდი და სად არის თავი. ეს კუჭის წყლული არ არის, რომელიც თუ არ გამოიკვლიე არ ჩანს. აქ ყველაფერი ნათლად ჩანს“.

დაესწრება თუ არა გამოფენას ბათუმის მერი უცნობია. ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ღონისძიებაზე ფეისბუქ მეგობრები დაპატიჟა,  მეგობრებში კი გიორგი ერმაკოვი არ ჰყავთ.

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი