ბათუმში 23 საჯარო სკოლას აზიური ფაროსანა შეესია. რის გამოც, ორ საკლასო ოთახში გაკვეთილი არ ჩატარდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს დღესვე გაატარებენ. საჯარო სკოლაში ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იმყოფება. გოჩა დავითაძის თქმით, მიმდებარე ტერიტორია დღესვე შეიწამლება.
„ბათუმის 23-ე სკოლიდან დღეს შეტყობინება შემოვიდა, რომ სკოლის გარე პერიმეტრზე და რამდენიმე საკლასო ოთახში მწერები დაფიქსირდა. გამწვანებისა და სურსათის უვნებლობის სამსახურს მალევე დავუკავშირდით. მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ. გადავამოწმეთ მსგავსი ფაქტი სხვა სასწავლო დაწესებულებაშიც ხომ არ იყო. აღმოჩნდა რომ ბათუმის, 31-ე და 28-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაფიქსირდა აზიური ფაროსანა“ - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
მსგავსი ფაქტი სასწავლო დაწესებულებაში ორი წლის წინაც დაფიქსირდა. სკოლის ხელმძღვანელი გურამ ფარტენაძე ვარაუდობს, რომ აზიური ფაროსანა შენობასთან ახლოს მდებარე თხილის პლანტაციებიდან გადმოვიდა.