საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვა. ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტი საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაშიც მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარასაც ესტუმრება. უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება. ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.