ვიდეო-ჯარიმები - შსს საკანონმდებლო ინიციატივა

22 ივნისი 2017, 00:00 54121 ნახვა

''უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა'' ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ვიდეო - ჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი შეიმუშავა.

 საკანონმდებლო პაკეტზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.  მთავრობამ სამინისტროს მიერ წარდგენილი ვიდეო - ჯარიმების აღსრულებისა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა მოიწონა.  
შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს - შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება.

''ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში'', - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 


პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. 
ვიდეო-ჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში”, - აცხადებენ შსს-ში. 


სამინისტროში განმარტავენ,  რომ აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. 
ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისთვის.
 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი