ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, საგნებთან ერთად, ჩვენს შვილებს ასწავლით ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს - პრეზიდენტი

27 ოქტომბერი 2025, 21:01 116 ნახვა

პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს გილოცავთ „მასწავლებლის ეროვნულ დღეს“ და მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პედაგოგები აზიარებენ ბავშვებს იმ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.

„მასწავლებლობა, როგორც უდიდესი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. სიმბოლურია, რომ 27 ოქტომბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რომლის „დედა ენაზეც“ ქართველების არაერთი თაობა აღიზარდა. სწორედ თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები, რადგან სწორედ თქვენ აზიარებთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.

„მასწავლებლის როლი ნებისმიერ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან აქვს უდიდესი ძალა და რესურსი, ბავშვობიდანვე მოახდინოს გავლენა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. თქვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამორჩეულად რთულ დროში, არა თუ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურების საერთოდ ვერ მიღების პირობებში, არაერთი თაობის გაზრდა და უამრავი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია. მისივე თქმით, სკოლაში ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ სწორედ აქ ხდება მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.

„თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც მოსწავლეების უსაზღვრო შესაძლებლობების სწამს და ამით თავად ახალგაზრდებს აჩვენებთ გზას, რომელზეც საკუთარი თავის რწმენით, დისციპლინით და თავდაუზოგავი შრომით ყველა მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება შეუძლიათ. სკოლა, ფაქტობრივად, მეორე ოჯახია, სადაც ჩვენი შვილები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ, გარკვეულწილად, სწორედ აქ ყალიბდება მათი პიროვნება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ღირსეულ ადამიანებად, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბების პროცესში თქვენ, პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ და კონკრეტული საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს შვილებს ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს ასწავლით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე