ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა, რისთვისაც მოქალაქეებს მადლობას უხდის.
„ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 200 000-მა ამომრჩეველმა, რაც პრინციპულად არის თანხვედრაში 2014 და 2017 წლების არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ, მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი წვლილი მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში.
მოხარული ვართ, რომ არჩევნებიც ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს აქვს საშუალება, თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი. ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე