დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ალპურ ზონაში ბალახი იწვის და აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.
ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.
ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.