საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი “მუსიკა ბათუმიდან“ დაიწყო. პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯგუფი “ნუ მიეყრდნობი“, ირაკლი ფაღავა და ბენდი.
საავტორო მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს შენობის წინ იმართება და რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემა FM 104.5-ზე.
წელს პირველად გასვლითი კონცერტიც ჩატარდება. 24 აგვისტოს ქედაში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც სხვა დღეების მსგავსად საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალი, რომლის მიზანიც საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, წელს მესამედ იმართება.
მასში ცნობილ ავტორ-შემსრულებლებთან ერთად ახალგაზრდა მუსიკოსებიც მონაწილეობენ, რომლებიც ქმნიან საავტორო მუსიკას.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.