დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი - პრეზიდენტი

11 აგვისტო 2025, 12:39 102 ნახვა

დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და სანამ ესეთი გმირები იარსებებენ ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„სწორედ ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ ვაჟკაც გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე. დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო ასპარაზზე რუსეთი ყველა სადაო საკითხში დაამარცხა.

„ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადაო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. შეიძლება, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება, გამიზნულად ჩვენ ვერ დავიცავით, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც შეეფერება საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე, რომ გაურკვეველი კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან ვარ საქართველოს პრეზიდენტი, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კითხვები აქვს მთელ საქართველოს, რატომ მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციას, რატომ არ გააფრთხილეს ჩვენი საზოგადოება, რომ რუსეთი 7 აგვისტოს უკვე შემოჭრილი იყო.

„ეს კითხვები არსებობს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ რომ დაიწყოს საომარი მოქმედებები, ეს გაამართლებს იმას, რომ რუსეთს გეგმა აქვს? რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია, მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე. ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. აქ კითხვის ნიშანი რუსეთის ქმედებაზე არ არსებობს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა საქართველოს წინა ხელისუფლებასთან. რუსეთის დანაშაულზე კითხვები არ არსებობს, რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ფაქტია“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, რომ საქართველო გახდეს ძლიერი ქვეყანა.

„ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არ უნდა იყოს დაფარული ჩადენილი დანაშაულები. ასე რომ, დაელოდეთ პასუხებს და თავისი პასუხისმგებლობით მიეგება ყველას“,- განაცხადა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი