გლობალურ ომის პარტიას, რასაც ამერიკელები „დიფ სთეითს“ უწოდებენ, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა - ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2025, 15:32 142 ნახვა

ევროკავშირში ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიცავთ ამ პროპაგანდისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რაც თქვა იმის გამოხატულებაა, რომ ეს პროპაგანდა სრულად მხარდაჭერილია დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან.

„თქვენ ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, რომ რაღაცნაირად სასაცილოდ აეგდოთ ეს თემა, რასაც ჰქვია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს აქ რისკები და პრობლემები არ არსებობს, თუმცა ხედავთ, რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, იგივე, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ არასრულწლოვნების შვილად აყვანას  და ა.შ. ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება ევროპის მასშტაბით. თითქმის აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. ეს ყველაფერი ხდება დაჟინებული მოთხოვნით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ არსებობს კონკრეტული ხაზი, ვისაც ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა.

 

სტატისტიკა არის შემაშფოთებელი. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟინებული პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რაც თქვა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა არის სრულად მხარდაჭერილი, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებებს ვერ იცავენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ან არ იცავენ, გააჩნია სად რა შემთხვევაა და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რისკები და პრობლემები არის სერიოზული, პროპაგანდას აქვს თავისი ძალა, ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ მას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.

 

დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას.“- დაწერა მან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი