საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 75.005 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)" და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ.
„სამართალდამცველებმა ქუთაისში, ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას მაგნიტები, პოლიეთილენის პარკები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ" და მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.