''აეროსმიტის'' ჯგუფის წევრები ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდნენ

16 მაისი 2017, 00:00 4280 ნახვა

"ბლექ სი არენას" დირექტორის ინფორმაციით, "აეროსმიტი" ქართული ფოლკლორით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ინტერნეტში ქართველი მომღერლების მიერ გაკეთებული როკ-ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერის  "Dream on" -ის ქართული ვერსია გამოჩნდა.

"როგორც იცით გაკეთდა "აეროსმიტის" ერთ-ერთი სიმღერის ქართული ვერსია, რომელიც როკ ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო კიდეც. ამის შემდეგ, დაგვიკავშირდა ჯგუფის მენეჯერი და გვითხრა, რომ ჯგუფის წევრებს ძალიან მოეწონათ ქართული პოლიფონიური მუსიკა და ზოგადად ფოლკლორი, ამიტომ იმედს ვიტოვებთ,რომ მოვახერხებთ ქართული ფოლკლორის პრეზენტაციის გაკეთებას მათთვის" - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან "ბლექ სი არენას" დირექტორმა ანა კავლელიშვილმა​​.

"Aerosmith"-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სიმღერა 12 მაისს დაიდო. მას უკვე 83 ათასზე მეტი ნახვა და 1 500 მდე გაზიარება აქვს

 

"Aerosmith"-ის კონცერტი  შეკვეთილში „ბლექ სი არენაზე“ 20 მაისს გაიმართება, მანამდე კი მას ბათუმი უმასპინძლებს. 

"მოტივირებულები ვართ, რომ ბათუმი დავათვალიერებინოთ, ძალიან გვინდა ქართული გასტრონომიული ტურნე მოვუწყოთ ჯგუფის წევრებს. როგორც იცით, კონცერტი ტარდება "ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში", ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოზე ბევრი ინფორმაცია მიიღოს ჯგუფის წევრებმა და დაჩექინდნენ საქართველოში.  ეს ბოლო ტურნეა ამ ლეგენდარული ჯგუფის, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ ვართ და ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჯგუფის წევრებთან ერთად ქვეყანაში" - განაცხადა ანა კავლელიშვილმა.

 

კონცერტზე ძალიან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. "ბლექს სი არენას" დარბაზში არ დაიშვებიან ადამიანები ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით, ასევე აკრძალულია სელფის ჯოხების შეტანაც. 

აკრძალული არ იქნება ვიდეო და ფოტო გადაღება მობილურის საშუალებით. 

კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულა. 10 000 ბილეთი, რამდენიმე თვით ადრე, რამდენიმე საათში გაიყიდა. ცნობილია, ბილეთების დიდი ნაწილი იყიდეს საქართველოს საზღვრებს გარეთაც. 

 

 

ამავე კატეგორიაში