შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას ოფიციალური თბილისი ეხმიანება. საქართველოს პრემიერ მინისტრი ვრცელი ტექსტით გამოეხმაურა გამოძიებას.
როგორც ირაკლი კობახიძე წერს, შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ობამას მიერ იყო გამოგონილი და ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია ‘’დიფ სთეითის’’ მიერ იყო დაგეგმილი. მისი განცხადებით, ქართული ოცნებისთვის ეს არის დასტური არაფორმალური გავლენების და იმ მანიპულაციების, რაზეც აქამდე საუბრობდნენ.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილიც.
პარლამენტის თავმჯდომარე ‘’დიფ სთეითის’’ საინფორმაციო ომის მეთოდებზე აკეთებს აქცენტს და მაგალითისთვის მოჰყავს ვიდეომასალების კრებული, სადაც როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს თავმოყრილია 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან მუდმივი აქცენტები, სადაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო ობამას და სხვა პირების დასჯას ითხოვს.
შტატების დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული "დიფ სთეითის" დავალებით ჩაიდინეს.