ბათუმში, ძმები ნობელების მე-2 შესახვევში მცხოვრები 20 ოჯახი ამტკიცებს, რომ გზის საფარისა და გარეგანათების გარეშე დარჩა. ადგილობრივების განმარტებით, კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ატარებს, მხოლოდ გზის ნაწილს არემონტებს, მეორე ნაწილი კი ისევ მოუწესრიგებელი რჩება. ისინი მერიის შესაბამის სამსახურს მიმართავენ და აქციას აანონსებენ. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო. სამუშაოები 1 ივნისამდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და გარეგანათება. თეკლა ჩიჩუას თქმით, პროექტის ღირებულება 4 მილიონ 484 ათას 442 ლარს შეადგენს. ამჟამადსამუშაოები ძმები ნობელების ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში მიმდინარეობს.