აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარე წელსაც გრძელდება. ვიზიტების ფარგლებში მოსახლეობას უტარდება სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები. პროგრამის მიზანია დაავადებების პრევენცია და დროული გამოვლენა. მათ ადგილზე მიეწოდებათ მაღალკვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება.
სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმით, ნევროპათოლოგით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, ოფთალმოლოგით და რადიოლოგით. ექიმების მიერ ადგილზე ტარდება კონსულტაცია, დიაგნოსტიკური კვლევები, გაიცემა დანიშნულება და მიზნობრივი მედიკამენტები. პროგრამა ჯამში მოიცავს 18 ვიზიტს მიმდინარე წელს, ექიმების კონსულტაცია და კვლევები უკვე ჩაუტარდა მთის 452 მკვიდრს.