აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამის განხორციელება დაიწყო - არაინვაზიური პრენატალური სკრინინგი, რომელიც მიზნად ისახავს ნაყოფის გენეტიკური ჯანმრთელობის შეფასებას რისკ-ჯგუფში შემავალ ორსულებში.
კვლევა ქრომოსომული პათოლოგიებისა და სხვა გენეტიკური დაავადებების გამოვლენის შესაძლებლობას თანამედროვე, უსაფრთხო და მაღალი სიზუსტის მეთოდით ითვალისწინებს. სკრინინგში ჩართვა შეუძლიათ 35 წლიდან ორსულებს, ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმია გენეტიკური/თანდაყოლილი პათოლოგიების არსებობა ოჯახის სამედიცინო ისტორიაში და ორსულობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ნაყოფის განვითარების პათოლოგიური ნიშნები.
პროგრამის ფარგლებში წელს დაგეგმილია რისკ-ჯგუფში შემავალი 200 ორსულის სკრინინგი. ამ ეტაპისთვის უკვე გამოკვლეულია 90-ზე მეტი ბენეფიციარი. მათ შორის, 15 შემთხვევაში ორსულების ასაკი 35 წელზე მეტია, დანარჩენი კი კლინიკური ჩვენებებისა და ოჯახური ანამნეზის საფუძველზე შეირჩა.
ჩატარებული კვლევების შედეგად არც ერთ შემთხვევაში ქრომოსომული პათოლოგიების არსებობის მაღალი რისკი არ დაფიქსირებულა. პროგრამას "ნეიროგენეტიკისა და მეტაბოლიზმის ცენტრი" ახორციელებს.