ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ამან მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები - პრემიერი

27 ივნისი 2025, 14:36 96 ნახვა

ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები.

„ნატო-სთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი. ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას, აზრი არ აქვს მშვიდობის გარეშე არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვაზე, კულტურასა და სპორტზე ზრუნვას.

„მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა, ამისთვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობისა და გადაწყვეტილების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში