სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს. სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.
„საქართველოსთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა.
ოხანაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ქმედებებზე. როგორც ანრი ოხნააშვილმა განაცხადა, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.
როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას.
„ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური ახორციელებდა საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით, განაგრძობდა კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებას.
სუს-ის ანგარიშის თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გატარებული ზომების შედეგად ქვეყანაში არ დაფიქსირებულა ტერორისტული ფორმირებები თუ სტრუქტურირებული ჯგუფები. ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით სამუშაოები მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
როგორც ოხანაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2024 წლის განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ტარდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. გრძელდებოდა კორუფციისადმი მოწყვლადი ჯგუფებისა და სფეროების იდენტიფიცირება, საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შემცირება-აღმოფხვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მისივე განცხადებით, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების სიაში, პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში.
ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემის შემდგომ კონსოლიდაციას, აგრეთვე კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდას.