საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს

24 ივნისი 2025, 14:05 143 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილი დღემდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას განვლილი შვიდი წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება, გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამავდროულად, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან მადლობა გადავუხადო ლევან დავითაშვილს ნაყოფიერი განვლილი წლებისთვის და მინდა, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო მის შემდგომ საქმიანობაში“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2019-2020 წლებში იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 2021 წლის 24 მაისიდან კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი