„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

23 ივნისი 2025, 22:07 124 ნახვა

"ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა - ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, მიგრაციის თემა, რომელთან დაკავშირებითაც, სიახლეა სამი მიმართულებით, კერძოდ:

"მიმდინარე კვირაში, უმრავლესობა მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც, გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა;

მკაცრდება შრომითი მიგრაციის პირობებიც - საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების ნებართვას ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. სანქცია და ჯარიმა დაეკისრებათ არამარტო უნებართვოდ მომუშავე უცხოეთის მოქალაქეებს, არამედ, მათ დამსაქმებლებსაც;

იზრდება საინვესტიციო პირობით საქართველოს ბინადრობის ნებართვის აღების თანხაც: უცხოეთის მოქალაქეს მოუწევს, 100 ათასი დოლარის ნაცვლად,  150 ათასი დოლარის ეკვივალენტის უძრავი ქონების შეძენა ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, ცვლილებები შევა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში. შესაბამისი ნორმის ამოქმედების შემდეგ, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა - დამბრალებელს ექნება ვალდებულება ამტკიცოს, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე.

დღევანდელ სხდომაზე განიხილეს დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების გარანტიებიც: აღნიშნული კანონის მიღება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების პირობებს გააადვილებს. 

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატზე და შეთანხმდნენ, რომ მხარს გიორგი გვარაკიძეს დაუჭერენ.

მიმდინარე კვირაში დაგეგმილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, კვირის ბოლოს კი, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი