გახარია და მისი გუნდი რასაც გვიმტკიცებდა, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო - შალვა პაპუაშვილი

23 ივნისი 2025, 14:34 111 ნახვა

გიორგი გახარია და მისი გუნდი რასაც გვიმტკიცებდა, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო, აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ ჩაატარა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

"ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებისგან თავს იკავებს გიორგი გახარია. იმიზეზებს, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა, დღეს საგამოძიებო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და გადაავადა მისი გამოცხადება, მისცა შესაძლებლობა, რომ 2 ივლისს გამოცხადდეს. რაც შეეხება თავად საკითხს, ის, რასაც გვიმტკიცებდა გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს მათ შეძლეს მისი ქცევით, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო. აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ მაშინ ჩაატარა. სხვათა შორის წინა ჯერზე, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად ჩორჩანას ტყეში ჩაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები. მიუხედავად ამისა, მან ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად და მათ შორის, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლადაც, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩადგა საგუშაგო, რასაც მოყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ ეს საგუშაგო აეღოთ.

მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ ხუთი დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველოს ხელისუფლების ეფექტური ტერიტორიული კონტროლის ქვეშ. მათ შორის, დაემატა ერთი მობილური საგუშაგო, დაემატა იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელსაც ტიპურად მიყვებოდა საოკუპაციო ძალა, მავთულხლართების გაბმის დროს და იმ ხაზს გადმოსცდნენ კიდევ აქეთ და ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გავიდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან, მათ შორის მოსახლეობას დღეს აღარ შეუძლია ამ ტერიტორიით სარგებლობა, ამ ტყით სარგებლობა სხვადასხვა დანიშნულებით. ასე რომ, ნელ-ნელა იკვეთება ეს სურათი და მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას გასცეს პასუხი ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი