შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი

17 ივნისი 2025, 15:31 119 ნახვა

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

მისი თქმით, დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში.

ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ სამმხრივი ფორმატი: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე განახლდეს. შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე პარლამენტი მზად არის, რომ ეს ფორმატი განახლდეს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე პირველი შეხვედრა თურქეთში შედგეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში