დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, საქართველოსა და თურქეთს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია - შალვა პაპუაშვილი

17 ივნისი 2025, 15:04 85 ნახვა

დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საუბარი შეეხო საერთო ხედვაზე კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილეს შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

"მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

 

საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.

 

დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ. ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

ბატონო თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებაში დიდ წვლილს შეიტანს. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა თურქეთის პარლამენტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში