ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა

25 მაისი 2025, 15:33 413 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

"პროექტის ფარგლებში, არსებული ქვაფენილის ნაცვლად, სტაბილიზებულ საფუძველზე, ასფალტის სამი ფენა მოეწყო, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას. გზაგამყოფ ზოლში განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

 

რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და ჭების მოწყობა. ცენტრალური პარკის მხარეს არსებულ სავალ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, ხოლო მეორე მხარეს - მიმდინარეობს პირველი ფენის დაგების სამუშაოები. პარალელურად მონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები.

 

პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება.

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში