მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა, უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ სებ-ში.
საქართველოს პარლამენტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.