საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა ერთი თვით გაუგრძელდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი, რომ საჭიროა, კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი თვით.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტების და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია. ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები.
დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა კომისია ცდილობს მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი. წინა კვირას, როგორც ეს ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი თვით.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია.
შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს და როგორც იტყვიან ხოლმე ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“, - განაცხადა მდინარაძემ.