სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგები წარადგინეს. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის გზაზე.
„ენობრივი ბარიერი, სამწუხაროდ, კვლავ ერთი-ერთი უმთავრესი დაბრკოლებაა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი კვლევის შედეგებიც, რომლის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა 30%-ამდე, ქართული ენის არცოდნის გამო, სათანადოდ ვერ სარგებლობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით.
ლევან იოსელიანმა დადებითად შეაფასა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ე.წ. 1+4 პროგრამის) 2030-2031 სასწავლო წლამდე გაგრძელება. ასევე, ყურადღება გაამახვილა ბილინგვური სწავლების მოდელზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულებების რიცხვი, სადაც ბილინგვური განათლების პროგრამა მოქმედებს.
ამავდროულად, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ენობრივი ბარიერი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების რეალიზების შეფერხების საფუძველი და სახელმწიფოს ვალდებულებაა დანერგოს ქმედითი მექანიზმები ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.