გრანტების შესახებ“ კანონი მოგვცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე გახდეს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა - შალვა პაპუაშვილი

14 აპრილი 2025, 11:35 144 ნახვა

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღებას და თანხმობას, არამედ თანხმობას გრანტის გაცემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, მას არაფერი აქვს დასამალი.

„რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას, როგორც იცით, შემოდის გრანტის დონორის მხრიდან მთავრობასთან გრანტის გაცემის შეთანხმება. ეს არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღებას და თანხმობას, არამედ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი აქვს დასამალი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი კეთილსინდისიერი წამოწყება, მხარდაჭერილი როგორც იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან, ამის შემდეგაც იქნება მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან.

ამავე დროს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, გამჭვირვალე გახდეს და ვნახოთ, რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობსნ არაკეთილსინდისიერი დონორები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდით ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ. მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ეს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან, ზუსტად ამ ფულით.

შეგახსენებთ, არჩევნების წინ, რამდენიმე „ენჯეოს“ გავლით უცხო ქვეყნები და პოლიტიკური ჯგუფები ერეოდნენ საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არაერთი ფაქტით და განცხადებით დადასტურდა, რომელიც ჩვენ მაშინ გვესმოდა სხვადასხვა პირისგან. მათ შორის, შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გაიმართა საბოლოო საარჩევნო შეკრება, რომელიც, პირველად ისტორიაში, მოაწყო არა ოპოზიციამ, ანუ იმ სუბიექტმა, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში, არამედ მოაწყეს „ენჯეოებმა“, დააფინანსეს უცხოური ფულით. ასე რომ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ის არაკეთილსინდისიერი წარმოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, ზიზღის დათესვას, შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან და არასათანადო ჩარევას, ასეთი პროექტები იყოს დანახული, ვის აქვს ამის სურვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში