უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში, - განაცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიაში.
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენება არა მხოლოდ იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.
„ზოგადად, ადამიანებს ასე, თუ ისე ყველაფერი გვავიწყდება, ემოციურ დონეზე მაინც. ემოციურ დონეზე მაინც, გარკვეულწილად, ყველას დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას და ამის მცდელობაა მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს, უნდა შეაფასოს, თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები - ე.წ. „დიფ სთეითი“, ევროპელი ბიუროკრატების ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, თავის დროზე, გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით, მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.