ჩვენი წამება როინ შავაძის დაკრძალვის შემდეგაც კი არ დასრულდა, გვემუქრებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით, მადლობა სოზარ სუბარს, ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები - ციცინო შავაძე

10 აპრილი 2025, 11:45 277 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა.

ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.

„ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, რომ რომა რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მგონია, რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს, რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ციცინო შავაძის თქმით, მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა.

„ჩვენი წამება ამით არ დასრულდა. ყოველი დღე უმძიმესი ხდებოდა. გვითვლიდნენ, ხმა არ ამოგვეღო, გავჩერებულიყავით. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ბინა და გადავსულიყავი საცხოვრებლად ჩემებთან. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით. მოდიოდა უცხო ხალხი, პირდაპირ მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ რომ აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, წამოვიდა მუქარები. საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან, სოფელ ჩელტაში, მაგრამ იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ასეთ დღეში ვიყავით“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ციცინო შავაძე ამბობს, რომ მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, მშობლების სახლში გადასვლის დროს, მუქარების გამო, ღამეს უთენებდნენ. მისი განმარტებით, სახალხო დამცველის თანამშრომლები მასთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"პირდაპირ მოდიოდა უცხო ხალხი, რომ აგვეღო ფული და ხმა არ უნდა ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, შემდეგ უკვე წამოვიდა მუქარები, იმდენად, რომ იძულებული გავხდი, დავკეტე ჩემი ოჯახი და საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან. მაგრამ, იქაც უარეს დღეში ვიყავით, იქაც ხალხი გვადგებოდა და მერე უკვე იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ამისთვის ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს, რამინ პაპიძეს, ლადო მგალობლიშვილს, გიორგი ჩარკვიანს - რომლებიც ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან იყვნენ.


გვაშინებდნენ, მოდიოდნენ იარაღიანი ხალხი ეზოში და პირდაპირ ისროდნენ ჰაერში და უკვე აღარ ვიცოდით ვისზე მიგვემართა. ბოლოს ისიც შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, სოფელში გვაქვს სპეციალური წყლის "ბასეინი", საიდანაც ოჯახისთვის წყალს ვიღებთ, იმას მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით სულ ყველა ერთად." - განაცხადა ციცინო შავაძემ.

ამასთან, ციცინო შავაძემ გაიხსენა, რომ მომხდარი შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, მისი მეუღლე, გარდაცვლილი ადამიანი დაკითხვაზე დაიბარეს, რითაც ოჯახის დამცირებას ცდილობდნენ.

„ყველანაირად გვავიწროებდნენ. სამი წლის თავზე იყო კარზე ზარი, დგას ახალგაზრდა გოგო ფორმით, ქალ-ვაჟი. პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს, რა ხდება-მეთქი. როინ შავაძის ოჯახია? კი-მეთქი, მას დაკითხვაზე იბარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ, კაცზე, რომელიც მიცვალებულია, ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.

თეა წულუკიანის კითხვის საპასუხოდ, თუ ვინ და სად მოკლა როინ შავაძე, ციცინო შავაძე აღნიშნავს, რომ მისი მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდათ.

"ასე ვიცი, რომ რუსების მიმართ გზა იყო ჩაკეტილი. ის თბილისში გადმოჰყავდათ. როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ განზრახული იყო. ვფიქრობ იმიტომ, რომ - გზა დაკეტილი, მიჰყავთ, სად მიჰყავთ? თუ დაიჭირეს, შემდეგ გაირკვა, ჩემს მეუღლეს არც ნარკოტიკი ჰქონია, არც არავითარი გარღვევა ჰქონია, რატომ არ შეიძლებოდა ამის ბათუმში დატოვება?! მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და განზრახვაში მოიყვანეს", - განაცხადა ციცინო შავაძემ.

 

 
 
 
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში