დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართველი ხალხის ერთობასთან, აი ამ დღეს ცდილობენ დაპირისპირება შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს არ ავყევით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე მედიასთან.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 9 აპრილს დღეს უდიდესი და ორმაგი დატვირთვა აქვს.
„ერთი მხრივ, დიდი ტრაგედიაა, როდესაც ჩვენი გულანთებული 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს დღე გახდა გამარჯვების სიმბოლო და ორ წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თარიღზე როცა ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ როგორც გმირობის, თავგანწირვის მაგალითზე, ისე დამოუკიდებლობის სულისკვეთებით. ამაშია დღევანდელი დღის მთავარი არსი.
რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, თავის დროზე, იმ ხალხისა, ვინც ზოგი შეიძლება, გულწრფელადაც ფიქრობდეს, რომ რაღაც კარგ საქმეს აკეთებს და შეცდომაში იყოს შეყვანილი, თუმცა ცოტანი იქნებიან ასეთი, მაგრამ ბევრმა იქ მდგომმა ძალიან კარგად იცის, რომ თავის დროზე, როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ, ბურჭულაძე-როდიონოვები, რომლებიც თავის დროზე საკუთარ თავს უწოდებდნენ რუს ბანს და ა.შ. დამოუკიდებლობის იდეას ამ გაგებით დაესხან თავს.
დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართული და ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან, ამ დღეს ცდილობენ, დაპირისპირება და ძალადობა შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს ბუნებრივია, არ ავყევით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უნდოდათ რაღაც სურათის დადგმა. როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა „გაათრიოს“ და მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ, არ ავყევით. ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისზე, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები. ყოველთვის შევეცდებით, რომ სისასტიკეს, ბოროტებას, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსებით ვუპასუხოთ. ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანებიც კი, რომლებიც აყოლილები არიან რაღაც ბინძურ ნარატივს, ისინიც კი არ ჩავაყენოთ ცუდ მდგომარეობაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ. მამუკა მდინარაძე „ფაქტ ჩეკის“ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი მარაზმში არიან გახლართულები და წარმოუდგენელ მანიპულაციებზე მიდიან, რომლის მიხედვითაც საკუთარ ალოგიკურ ლოგიკაში იხლართებიან.