ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეას საშუალება ექნება ხელახლა შეაფასოს საქართველოს დელეგაციის მანდატები 2025 წლის აპრილის სესიაზე.