„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დღეს, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად, ხოლო პროკურატურაში ბრალის წარსადგენად არის დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოშიც და პროკურატურაშიც მისვლას აპირებს.
„ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას! 13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად. 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად. ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!“- წერს ირაკლი კუპრაძე „ფეისბუქზე“.
მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის განცხადების საფუძველზე აღძრა.