პირი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს. რაც შეეხება თავად ფაქტს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლევან ჯანგველაძე მოკლეს. ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ჩაუსაფრდა მას მამაკაცი, რომელსაც სახე დამალული არ ჰქონდა, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემდეგ, როგორ ტოვებს ის ფეხით შემთხვევის ადგილს.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.