სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა - პროკურატურა

11 მარტი 2025, 15:05 136 ნახვა

ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და მათთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროცესებზე ბრალდებულები არასაპატიო მიზეზით რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ სასამართლოში მათი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის რაიმე სახის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. შესაბამისად ბრალდებულების მიერ დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა.

"ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბრალდებულების - გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, რისთვისაც გიორგი ჩიკვაიძე იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს. აღნიშნულზე მყისიერი რეაგირების შედეგად, 7 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო 50 000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილის მიმართ შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში