2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად გაეცნო.
გიორგი მოდებაძემ დასკვნითი ტურის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით ,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც იმის დასტურია, რომ ოლიმპიადა სასკოლო ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივობას წარმოადგენს.
2024-2025 სასწავლო წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 29 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა. პირველიდან მეორე ტურში 6 880-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლება კი მოიპოვეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვეს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის მოხვდნენ.
მესამე ტურის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულთა ათეული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და ასევე, გამოვლინდებიან ის კანდიდატები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა, ინფორმატიკა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადაში მონაწილეობა საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) ნებისმიერ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში კი საბაზო საფეხურის მოსწავლესაც შეუძლია.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.