პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

04 მარტი 2025, 19:46 102 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა. კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას.

როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონპროექტით იხვეწება საავტორო პროგრამის გადაცემის სტანდარტი. კერძოდ, საავტორო პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. ასევე, საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება; მკვიდრდება მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

პროექტის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვან პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს; მკვიდრდება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების ან/და გადაცემის ბრიტანული სტანდარტი.

ახალი ამბების პროგრამებში, საავტორო პროგრამის გარდა, საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას იზღუდება პოზიციის გამოხატვა. დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.

მომხსენებლის თქმით, მაუწყებლებს აქამდეც ჰქონდათ ინფორმაციის ობიექტურობის დაცვის ვალდებულება. მოქმედი რედაქციით, ეს საკითხები თვითრეგულირებით წესრიგდება და მაუწყებლებმა თვითონვე უნდა შეაფასონ კონკრეტული ფაქტი სწორია თუ „ფეიკია“, დაცულია თუ არა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და სხვა. ცვლილებების თანახმად კი, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

„ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს. საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული თუ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება, რომლის არაერთი მაგალითიც გვაქვს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში