საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძირითადი მაგისტრალები თითქმის გაწმენდილია, ახლა ცდილობენ ყველა სოფლის ცენტრთან დაკავშირებას, საიდანაც მერის წარმომადგენლები მოსახლეობას მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა, აღარ თოვს, რაც მისი თქმით, სტიქიასთან ბრძოლის თვალსაზრისით კარგია. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური დანაყოფი ვერტმფრენის მეშვეობით აღმოუჩენს დახმარებას ადამიანებს, რომელთა სოფლებში მისვლაც ჯერ ისევ რთულია.
„ძირითადი მაგისტრალები თითქმის უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია. ვცდილობთ, მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში და ცენტრალურ ნაწილში, სადაც ძირითადად არის ხოლმე განთავსებული ადმინისტრაციული შენობები, როგორიც არის ბაღი, სკოლა, მოვახდინოთ ბაზირება, საიდანაც მერის წარმომადგენლები მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან მოსახლეობას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული რამდენიმე ტრაილერი, რომელიც ასეთ პირობებში აუცილებელია “, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.