რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს სახელმწიფო დააწესებს - მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2025, 13:43 70 ნახვა

ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არ იცვლება არც ერთი პუნქტი, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, არსებული კანონმდებლობით ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა.

„შესაბამისად, თვითრეგულირების არ განხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა. მაგალითად, ტელევიზიები თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა - ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ ბრიტანული მოდელიდან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებით, საქართველოს რეალობას მორგებული, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტს აღიარებული გქონდათ და იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში.

 

ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში, ანუ ნორმა არ იცვლება, რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში („ქარტიაში“ და ასე შემდეგ) ხელმოწერითაც აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს სახელმწიფო დააწესებს, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით,  საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში.

„ჩვენ ეს შევძელით და თუკი დეოკუპაციაზე, დამოუკიდებელ მოქმედებებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუკი შენი ქვეყნის მართვაზე ქვეყნის შიგნიდან და არა აგენტებიდან შეიძლება იყოს საუბარი, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი დღეს რაც გვაქვს, კიდევ უფრო გაზრდილი დამოუკიდებლობის ხარისხი ნიშნავს მეტ განვითარებას, სუვერენიტეტს, მეტი ეროვნული ინტერესის გატარებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი