ბათუმში, მეტაქსას ქუჩის 5 ნომერში, დიდთოვლობის შედეგად მრავალბინიან საცხოვრებელ ეზოში, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა. ჩამონგრეულ შენობაში სულ 4 ოჯახი ცხოვრობს. ისინი უსაფრთხო ადგილას გაყვანას ითხოვენ.
მერიაში აცხადებენ, რომ ორი ოჯახი უკვე გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილას. ამბობენ, რომ შენობა წლებია ავარიულია და აღნიშნულის დამადასტურებელი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ რომ ამ ეტაპზე სტიქიამ სულ 10-მდე სახლი დააზიანა ბათუმში, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დაზარალებული ოჯახების შესწავლა.
ასევე დაგეგმილია დაზიანებული სახურავების განახლება.