საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის რეგიონებში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებასა და შესაბამის სამუშაოებზე ისაუბრა.
„მიდის უპირველეს ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, იმისთვის, რომ დიდთოვლობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ. თუმცა, იცით, რომ სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის და სიმძიმის, როგორც გურიაში და აჭარაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზე არის და თავად ხელმძღვანელობს ამ პროცესს.ვითარებას რა თქმა უნდა, ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება და აქედან გამომდინარე, არის ხოლმე ხელახალი გაწმენდითი სამუშაოების. ამდენად, რთულია მუშაობა ასეთ პირობებში.
მაგრამ იცით უკვე, გუშინ საღამოსაც მოვისმინეთ, დღესაც ვნახეთ განცხადებები, რომ ბევრ სოფელთან კავშირი უკვე აღდგა. მიდის გაწმენდითი სამუშაოები, ყველას, ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის პირველადი საჭიროების სხვადასხვა საგნების, შესაბამისად მიეწოდებათ ისინი.
ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე ექიმები, სამედიცინო პერსონალი ინტენსიურად მუშაობს. ასე რომ მთლიანად, პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიმდინარეობს სამუშაოები, რაც არის საჭირო”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს.
„ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომელიც მილიონებს იღებს უცხოეთიდან დეზინფორმაციის, მანიპულაციის, კონტექსტიდან ამოღებული ნარატივების გავრცელებაში. მილიონებს იღებენ და დაკავებული არიან რაღაც სხვა თემებით, ხან უკრაინაში ომთან დაკავშირებული თემებით და ა.შ. ასეთი სტიქიური მოვლენების ან სხვა ექსტრაორდინარული სიტუაციის დროს როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ეს მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის. სად იყვნენ ეს დეზინფორმაციის მამხილებელი ენჯეოები, „ფაქტჩეკი“ და ა.შ, რომლებშიც მილიონებს ხარჯავს ბრიუსელი, თუ სხვა დედაქალაქი? ჩუმად იყვნენ, რატომ?! იმიტომ, რომ ისინიც მონაწილე არიან ამ დეზინფორმაციული ქსელის. არის ნაწილი, რომელიც ავრცელებს მანიპულაციას, დეზინფორმაციას და შემდეგ, მეორე ნაწილი, რომელიც ამაზე ჩუმად არის და ამით ის სიგნალს აძლევს, რომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია უფრო საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეული ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია, მისი მედია და „ენჯეოები“ ჩვენს საზოგადოებას ზურგში დანას ურტყამს და, ნაცვლად სოლიდარობისა, ემპათიისა და გვერდში დგომისა, ვხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.