ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ახალ ომს, სამი წლის წინ გადავრჩით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახალ ხელყოფას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას ითხოვდნენ.
„ყველა ვხვდებით, რომ ის გადაწყვეტილება, რაც სამი წლის წინ ზუსტად ამ ადგილას გაცხადდა, სასიცოცხლოდ ეგზისტენციალური მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახალ ხელყოფას. სამი წლის წინ გადავრჩით სისხლისღვრას, ახალ ცრემლს, შავებში ჩაცმულ ახალ ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ დაიტირებდნენ ჩვენი ბოლო 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში თავიანთ ოჯახებს. ამას გადავრჩით ჩვენ სამი წლის წინ და აქეთკენ გვიბიძგებდნენ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომში შესვლას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს არ აქვს უფლება საქართველოში პროკურორის როლი შეითავსოს და გადაწყვიტოს ვინმეს ბრალეულობა.
„ყველაფერთან ერთად, ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს, ერთი იმას, რომ თქვას, სად იყო ძალადობა, მეორე, თქვას, ვინ ჩაიდინა ძალადობა და მესამე, სანქციებიც გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი, ასეთი პრეტენზია თუ აქვს, ერთად იყოს თავმოყრილი მასში პროკურორიც, ადვოკატიც, მბრალდებელიც, მოსამართლეც და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მგონი, აცდენილია იმას, რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ პოზიციის ნაცვლად, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სწორედ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში. რატომ არ გვეუბნებიან დღემდე, რატომ გვიმალავს, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რაში იხარჯება „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფული. მე ამაზე პასუხი მაქვს. მიზეზი, რატომაც მალავს დღემდე ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელი სად მიდის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფინანსები, მიზეზი არის ის, რომ როგორც კი გასაჯაროვდება, როგორც ეს მოხდა USAID-ისა და ამერიკული დაფინანსების შემთხვევაში, ყველა დაინახავს, რომ ეს ფული მიდიოდა მოძალადე ჯგუფებზე, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, რომ ეს ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში და როგორც ჩანს, არ სურთ ზოგიერთებს, ეს საჯარო გახდეს. ამიტომ, ნაცვლად მორალისტობისა და ქართველი ხალხის დამუნათებისა, მისი ფუნქცია რაც არის, ის შეასრულოს. ასე ძალიან თუ წუხს ქართველ ხალხზე, უთხრას, რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული და თუ კარგ საქმეშია, რა არის ამაში დასამალი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.