ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე უკვე 37 დღეა შიმშილობს. ამ ეტაპზე მას არც სამედიცინო შემოწმება უტარდება. დაკავებული შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში სამედიცინო კვლევებზე უარს აცხადებს, ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში ითხოვდა დატოვებას, რაზედაც უარი მიიღო. სამედიცინო დაწესებულებაში კვლევებისთვის თემურ ქათამაძე მხოლოდ ერთხელ, 15 თებერვალს, ერთი დღით გადაიყვანეს, რის შემდეგაც უკან დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის განყოფილების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, იგი ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორც ცნობილია იგი მუჰაჯირების შთამომავალია და წლებია ბათუმში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.